რუსლან აბაშიძე და ნანა გაბელია თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს შეხვდნენ

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს შეხვდნენ.
 
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობებისა და მჭიდრო რელიგიური კავშირების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
რუსლან აბაშიძემ მიტროპოლიტ ანთიმოზს მადლობა გადაუხადა თესალონიკის ქართული დიასპორის მრავალწლიანი თანადგომისა და თესალონიკის ეპარქიის ფარგლებში არსებული, წმინდა ნიკოლოზის ქართული სამრევლოს დაარსების ხელშეწყობისთვის.
 
შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები გიორგი გაბედავა და მარინე გითოლენდია, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და თესალონიკის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი მათურელი ესწრებოდნენ.