აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

„რუსეთი უკვე წლებია აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულებელყოფას.

მათი პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას. ჩვენ გონივრულად, სამშვიდობო პოლიტიკით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა და 300 000 მეტი ადამიანი დევნილად იქცა.