რუსლან აბაშიძემ პროექტის „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ რუსთავში წარმატებით დასრულდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ყველა მონაწილეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ორი თვის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები საგანმანათლებლო და შემეცნებით ტრენინგებში მონაწილეობდნენ, სადაც ახალგაზრდებმა ლიდერობის, კომუნიკაციის პრინციპებსა და სხვა თემებთან დაკავშირებით გუნდური მუშაობის გამოცდილება მიიღეს.

პროექტის დახურვას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი ქვეპროგრამის „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანია დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური და კეთილმოწყობილი უსაფრთხო გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების მიღებისა და მულტიკულტურული საზოგადოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სამოქალაქო აქტიურობისათვის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენა და მათი შემდგომი წინსვლის ხელშეწყობა.