რუსლან აბაშიძე ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერას დაესწრო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში ფილმის „თავისუფლების ფასი“ პრემიერა გაიმართა. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფილმის ავტორია მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი ქეთევან ხოსიტაშვილი, რომელმაც „კვირას“ ჯგუფთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა.

საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით არსებული რეალური სურათი. ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.