აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

რუსლან აბაშიძემ თურქეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის შესახებ და გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება. მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

რუსლან აბაშიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს და მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, აფხაზეთის საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თავის მხრივ, თურქმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა რუსლან აბაშიძეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.