ზუგდიდში მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნება

2014 წლის დასაწყისში ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდკომბინატის დასახლებაში განთავსებულ სააქციო საზოგადოება „ენგურის სამედიცინო კომპლექსში" მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნება. დაწესებულება დევნილებს, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილობრივებს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში უფასოდ მოემსახურება. „ენგურის სამედიცინო კომპლექსი" 150-160 საწოლზე იქნება გათვლილი. კომპლექსის რემონტსა და აღჭურვაში 12 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ის ამერიკისა და შვედური ფონდების დახმარებით ხორციელდება.

საავადმყოფო დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა: აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა გენადი გადელიამ, რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა კორნელი სალიამ, აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა თამაზ კვარაცხელიამ, აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ნანა შეროზიამ, მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ჯგუფმა დაათვალიერეს.