რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებში, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ აუცილებელია ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგეს გალში და რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად იმართებოდეს ერგნეთში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებების გამო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით.