დევნილი ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის მიზნით თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ესპანეთში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური ასოციაცია „TODOS SOMOS NIÑOS“-ის პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში, მოზარდები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან, სადაც პრიორიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს მიენიჭებათ.