აფხაზეთიდან დევნილმა მხატვრებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ქართული თეატრის კვირეულის ფარგლებში, ინდოეთში, ქალაქ აგრაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა “გაგრიდან აგრამდე” მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარიამ აქუბარდიას, ბიძინა სიდიანის და პაპუნა პაპასკირის ნამუშევრები. აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი, ტილოსა და ხეზე შესრულებული შემოქმედება გააცნეს. გამოფენის პარალელურად, ქართველი და ინდოელი მხატვრების ერთობლივი ვორქშოფი გაიმართა. კვირეულის ფარგლებში, აგრასა და ჯაიპურში კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან შეხვედრები მოეწყო.

ქართული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ინდოეთში წელს პირველად გაიმართა და მასში 4 ქართული თეატრალური დასი მონაწილეობდა. ფესტივალი საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო და აქტიურად გაშუქდა ინდოეთში ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.