საჯარო სექტორში ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საჯარო სექტორში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმის დანერგვასთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და განისაზღვრა აქტივობები. მთავრობის თავჯდომარის გადაწყვეტილებით, შეირჩა სისტემაში შემავალი სამინისტრო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით. ფინანსთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე  ქვეყანაში არსებული საუკეთესო პრაქტიკებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების გაზიარებას სამუშაო შეხვედრებისა და ტრეინინგების უზრუნველყოფის გზით.

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის  დანერგვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შერჩეულ სამინისტროში გაუმჯობესდება ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხი და შიდა კონტროლის მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას. აგრეთვე, თავის მხრივ მენეჯერული უფლებამოსილების დელეგირება უზრუნველყოფს სამინისტროს სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მდგომი მენეჯერის დაწესებულების საქმიანობის მართვაში ჩართულობის ხარისხის ზრდასა და რესურსების ეფექტურ მართვას.

უახლოვეს მომავალში დაგეგმილია შერჩეულ სამინისტროში  მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელება.