რუსლან აბაშიძე ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, რომლებმაც სახელმწიფო ენის დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი მეცნიერი – მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დააჯილდოვეს.

ღონისძიების ფარგლებში, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2022-2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.  სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებსაც ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში  განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

ღონისძიებაზე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა კალიგრაფიის მასტერკლასი და დედაენის თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი წიგნები  წარმოადგინეს.