რუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გახარია ესწრებოდნენ.