აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებით საღამოს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი, სამი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა საპრეზენტაციო კონცერტი. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერისა და ცეკვის განახლებული საკონცერტო პროგრამა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილის, ასევე ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ანსამბლის უფროსი თაობის წარმომადგენლები, მოცეკვავეები, მომღერლები და მუსიკოსები, მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

შემოქმედებითი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანია ანსამბლის ისტორიის წარმოჩენა, ახალ თაობაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობის გაზრდა.