რუსლან აბაშიძე ტექსელის კუნძულზე ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, კუნძულ ტექსელის მერმა მიხილ აუთდენჰაგმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონიამ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ.

„დღეს პატივს მივაგებთ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, მათ ვინც ტირანიის წინააღმდეგ ტექსელის კუნძულის მაცხოვრებლებთან ერთად იბრძოდა.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა ნიდერლანდელმა მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლის რისკის მიუხედავად მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ჯარისკაცებს. ეს მოვლენა ყოველთვის დარჩება ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობის საუკეთესო მაგალითად. ქართველებისა და ნიდერლანდელების მონაწილეობამ ამ ტრაგიკულ მოვლენებში შექმნა საერთო ისტორია, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს და გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობებს,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა და ფინანსური მხარდაჭერა ეკუთვის ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს. მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დელეგაციის წევრებმა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას ასევე ქართველ ებრაელთა მსოფლიო რაბინი, იაკობ გაგულაშვილი ესწრებოდა.

ტექსელის კუნძულზე ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ტექსელის მერთან, მიხილ აუთდენჰაგთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ტექსელის მერს ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალური დაფის დადგმის პროექტის განხორცილების მხარდაჭერისათვის.

შეხვედრა გაიმართა ასევე ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.