დევნილი ახალგაზრდებისთვის ზუგდიდში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ დევნილი ახალგაზრდებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი „ინოვაციური ხიდი“ გახსნეს.

პროექტი ითვალისწინებს ორთვიან სასწავლო კურსს, სადაც  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 დევნილი მოზარდი     დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მედია პროდუქტის მომზადების (გადაღება-მონტაჟი) და გრაფიკული არქიტექტურის მიმართულებებით გადამზადდება.

„ინოვაციური ხიდი“ მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში ხორციელდება. პრეზენტაციას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მიზნად ისახავს კონსტრუქციული დიალოგის, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების გზით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერას.