რუსლან აბაშიძემ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგო

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. რუსლან აბაშიძემ ოჯახის წევრებს აფხაზეთის მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა.

„დღეს შვიდი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობიდან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მინდა მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ეს ტრაგედია ნათლად წარმოაჩენს ოკუპაციის არაჰუმანურ და დამნაშავეობრივ სახეს.

ქვეყნის ხელისუფლება კვლავაც არ დაიშურებს ძალისხმევას ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული პირების კანონის სრული სიმკაცრით დასასჯელად. მომავალშიც გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის სამართლებრივ ინსტრუმენტებს და საერთაშორისო ფორმატებს, სამართლის აღსასრულებლად.

საქართველო არასოდეს შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რასაც ქვეყნის ოკუპაცია ჰქვია და სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.