„აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საფუძველი ჩაეყარა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობას. ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ესწრებოდნენ.
ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთსა და შიდა ქართლში 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად შენდება და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ანალოგის არმქონე ერთადერთ საკულტო ნაგებობას.
ტაძარში აღევლინება ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის მოსახსენებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად. ტაძრის მშენებლობა ფონდ „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. რუსლან აბაშიძემ და ღონისძიების სტუმრებმა წმინდა ადგილებიდან მოტანილ ქვებზე წარწერები გააკეთეს, რომელიც ტაძრის საძირკველში განთავსდა.
დღესვე, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.