აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ელგუჯა ადამიამ, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გახსნეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

„ბატონი გენო ადამია არის შეუპოვრობის, სიმამაცის და გმირობის მაგალითი – ადამიანი, რომელმაც არ დატოვა თავისი ქალაქი და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა მას. ის ბოლომდე იბრძოდა ერთიანი და თავისუფალი საქართველოსთვის და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. ეს ბიუსტი ყველა იმ გმირის კოლექტიური ძეგლია, ვინც თავგანწირვით იბრძოდა 23–ე მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ–მაიორ გენო ადამიას თანამოაზრესა და თანამებრძოლს ბატონ ლევან ქეცბაიას, ვისი ინიციატივით და თანადგომით განხორციელდა დღევანდელი ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა, რათა დღევანდელი დღე შემდგარიყო“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

„გენერალი ადამია ნამდვილად იყო ჩვენი უახლესი ისტორიის სამაგალითო გმირი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ქალაქის მერს და ყველა მონაწილეს, ვინც ამ ისტორიულ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ეს არის საქართველოს ისტორია და ეს არის თბილისის გულის ისტორია, სადაც დარჩება ჩვენი გმირის, ჩვენი გენერლის მარადიული ხსოვნა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

გახსნის ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, გენო ადამიას ოჯახის წევრები და დევნილი საზოგადოება. ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "აფხაზეთის" მონაწილეობით რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა.

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლის დროს დაიღუპა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 27 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.