აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

გილოცავთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი ვულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს. ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობითა და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებით უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო.

საქართველოს თავისუფლების იდეა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვა არის ჩვენი ერის მამოძრავებელი ძალა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ურთულესი და გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ. განუზომელია მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო. სწორედ ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

დღევანდელი დღე განასახიერებს ევროპული მისწრაფებებისა და კავშირების მრავალსაუკუნოვან ისტორიას. საქართველო დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. დღეს საქართველო ისე, როგორც არასდროს ახლოს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან და ჩვენი სტრატეგიული მიზნის აღსრულებასთან. მჯერა, რომ ძალიან მალე დავიბრუნებთ კუთვნილ და დამსახურებულ ადგილს ევროპულ სივრცეში.

ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე, ერთობით და კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით, სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით ჩვენ გავაგრძელებთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და განმტკიცებას.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ გამთლიანებულ, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას!