აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ჯომარდობაში აფხაზეთის ღია ჩემპიონატზე გამარჯვება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა

ჯომარდობაში აფხაზეთის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევის ჰესთან საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 16-მდე გუნდმა მიიღო. ქართველებთან ერთად ჩემპიონატში აფხაზები, ჩეჩნები, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები და ფერეიდნელები მონაწილეობდნენ.

პირველი და მეორე ადგილის მფლობელები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები გახდნენ. მესამე ადგილი თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების გუნდმა „დიოსკურიამ" მოიპოვა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილებსა და გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.

აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ტურნირს პარტნიორები იყვნენ ენერგეტიკული სასმელების კომპანია „Speeds" და  ნატურალური მინერალური წყალი „სნო".

ჩემპიონატის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება, სპორტის შედარებით ახალი და ექსტრემალური სახეობის პოპულარიზაცია.