აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უფასო სამედიცინო გამოკვლევებში ჩართული ექიმები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ღონისძიება „ექიმების დაჯილდოება 2023“ გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ მიმართეს.

მთავრობის თავმჯდომარემ პროგრამაში ჩართულ ექიმებს მადლობა გადაუხადა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, ჩვენ, ამ ღონისძიების ფორმატში, სხვადასხვა წამყვან კლინიკაში დასაქმებულ 31 ექიმს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელს ვაჯილდოებთ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში, სრულიად უანგაროდ იყვნენ ჩართული დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში.

მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენი საქმიანობა არის გმირობის ტოლფასი, რადგან ძალ-ღონეს არ იშურებთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხელშეწყობითა და ჩართულობით, ერთობლივად, კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.

აქვე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერები არიან“.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების პროგრამაში და 1300-მდე აფხაზეთიდან დევნილ პირს გაუწიეს დახმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.