აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გალის რაიონიდან გადმოსული და აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთის სამეფოში გაატარებენ.

სოციალურად დაუცველი მოზარდები მოხალისე, ესპანურ ოჯახებში 2 თვის განმავლობაში იცხოვრებენ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთვებიან.

დევნილი მოზარდების მგზავრობისა და იქ ცხოვრების ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა და „FINSOL"-ი უზრუნველყოფს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობს. ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად დევნილი ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ატარებენ.

ბავშვები თბილისის აეროპორტიდან აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.