ვახტანგ ყოლბაიმ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში გამართა. ვახტანგ ყოლბაიამ წარმომადგენლობების ხელმძღვანელობისაგან დევნილ მოსახლეობაში არსებული პრობლემები მოისმინა. ქუთაისში შეხვედრისას გამოიკვეთა ის რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ქუთაისის მერიასთან და ადგილოლბრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით.

ზუგდიდში ყოფნისას, ვახტანგ ყოლბაიამ ჭითაწყარის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები მოინახულა, რომლებსაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულმა სახურავმა პრობლემები შეუქმნა.

დევნილთა პრობლემის გაცნობის შემდგომ გადაწყდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლობის დახმარებით უმოკლეს ვადაში სტიქიით მიყენებული პრობლემები გადაიჭრება და უახლოეს დღეებში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.