ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვრის ჭოლა კუკულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მხატვრის ჭოლა კუკულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ასევე, მოეწყო მისი ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია და პერსონალური გამოფენა. ჭოლა კუკულაძე გახლდათ ფერმწერი, გრაფიკოსი, ოფორტისტი, მოქანდაკე, ილუსტრატორი, საზოგადო მოღვაწე. ის წლების განმავლობაში ჯერ სოხუმის მთავარი მხატვარი, შემდეგ აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე იყო. მისი ფერწერული ტილოები არაერთხელ გამოიფინა თბილისში, მოსკოვში, კიევში, მინსკში, სანკტ-პეტერბურგსა და პრაღაში. ამჟამად ორი ფერწერული ტილო ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გალერიის ფერწერის ფონდში.

სამწუხაროდ, ჭოლა კუკულაძის საკმაოდ მრავალფეროვანი შემოქმედების დიდი ნაწილი აფხაზეთის ომს ემსხვერპლა, გადარჩენილი ნამუშევრების უმეტესობა კი სოხუმშია. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია და მხატვრის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.