რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროების თანაორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული ხელნაკეთი ნივთები და პროდუქცია. ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა გასართობ პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა.

ღონისძიება მუსიკალურად გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ და ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ გააფორმა.