აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას დაესწრნენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ერთიანი საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა, ხელი შეუწყოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მათთვის მოქმედ, საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში ჩართვისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების გამარტივებაში.

სახელმწიფო მინისტრთან ერთად, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ მიმართა. ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პორტალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა. მისი სრულფასოვანი ამოქმედება ქართულ, ინგლისურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სექტემბრიდან იგეგმება.