წყალტუბოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამედიცინო აქცია მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამედიცინო აქცია მოეწყო, სადაც მათ ოფთალმოლოგის კონსულტაციები ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისი სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

სათვალეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისგან“(International Human Rights Commission) ჰუმანიტარული დახმარების სახით მიიღო.

აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან გიორგი ძიგუასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან ნათია კოპალიანთან ერთად დაესწრო.