აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქ. როსტოვის ქართული ანსამბლის „კოლხიდას“ წევრებს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქ. როსტოვის ქართული ანსამბლის „კოლხიდას" წევრებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა. ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია, ანსამბლის ხელმძღვანელი ზაზა სულავა და ანსამბლის დამფუძნებელი გელა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ანსამბლის წევრები აფხაზეთიდან დევნილი რუსეთში დაბადებული ბავშვები არიან, რომელთა უმეტესობა საქართველოში პირველად იმყოფებოდა. შეხვედრა ემოციურ და თბილ გარემოში წარიმართა. საუბარი სამომავლო გეგმებს შეეხო, რომელიც კულტურულ სფეროში გაცვლით პროექტების განხორციელებას  ითვალისწინებს.

ანსამბლის წევრებს ქართულ-აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნი „გამზრდელი" და აფხაზეთზე შექმნილი სიმღერების კრებული საჩუქრად გადაეცათ. ასევე მიიღეს გამომცემლობა „არტანუჯის" მიერ საჩუქრად მოწოდებული აფხაზეთის შესახებ ღია ბარათების კრებული.

ქართული ანსამბლი ქ. როსტოვში 2010 წელს დაარსდა. მისი მიზანია საქართველოში გამართულ სხვადასხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, რათა როსტოვში მცხოვრებმა მოზარდებმა უფრო უკეთ შეისწავლონ ქართულ ხელოვნება და გაეცნონ ქართულ კულტურას.