აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით და აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ნობათი გადაეცათ.
სადღესასწაულო ნობათი მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე 1500-მდე პირმა მიიღო.
„აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წინასაახალწლოდ 1500-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა საახალწლო ნობათი მიიღო. დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და შევეცდებით მომავალ წელს უფრო აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს მათთან, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ყველა იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც აფხაზეთის მთავრობისა და მისი სამინისტროების მიერ ხორციელდება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
საჩუქრებთან ერთად, დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ, სადაც აფხაზეთის მთავრობისა და მასში შემავალი სტრუქტურების მიერ 2025 წელს დაგეგმილი აქტივობების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. ბროშურაში ასევე მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.