30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის პრესტიჟულ ფესტივალზე - Into the Open (ITO) დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარადგენს. წარმოდგენა Kühlhaus Berlin-ის სცენაზე გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, სოხუმის თეატრის სცენაზე სპექტაკლის „იაკიში და პუპჩეს“ რეპეტიციას დაესწრო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა თეატრის დასს საინტერესო შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ბერლინის ITO ფესტივალზე წარმატება უსურვა.
პროექტი, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და სოხუმის თეატრის ისტორიულ როლზე მიანიშნებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშიას მხარდაჭერით ხორციელდება.
დრამატურგ ხანონ ლევინის „იაკიში და პუპჩე“ სევდიანი კომედიაა, რომელიც 2017 წელს ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის დაიდგა და ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის ტიტულიც მოიპოვა. წარმოდგენა არაერთი სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიცაა.