საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, გენო ადამიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთა შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორი გენო ადამია.
გენო ადამია იყო პიროვნება, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის გმირობისა და პატრიოტიზმის შეუფასებელ მაგალითად იქცა.
ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
გმირთა მოედანზე თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა, მამა ლევან ჯანაშიამ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მემორიალთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და გენო ადამიას ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
გენერალ-მაიორი გენო ადამია საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, მან უარი თქვა დანებებაზე და მცირე ძალებით განაგრძობდა სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის ბრძოლას. 28 სექტემბერს ის კელასურის ხიდთან ბრძოლაში დაიღუპა.
გენო ადამიას ცხედარი 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა თბილისში გადმოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
2020 წელს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.