ლევან მგალობლიშვილი უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურისა და განათლების ხარისხის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
 
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.
 
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს.