აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო.
„ავტოკეფალიის აღდგენა არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ხალხის სულიერი განმტკიცებისა და ერის გაერთიანების საქმეში.
დღევანდელ დღეს ვულოცავ სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს, თითოეულ მორწმუნეს, ქართველებსა და აფხაზებს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.