აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთიდან დროებით დევნილ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა სპორტსმენების პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და შესაბამის მხარდამჭერ პროგრამებზე ყურადღება გაამახვილა, დამსახურებული წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ სპორტსმენებმა მინისტრს საკუთარი კარიერული გამოცდილება და სამომავლო მიზნები გაუზიარეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ლოლაძემ, 10–11 მაისს, გორში გამართულ ძიუდოს ევროპის თასზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გიორგი ქალდანმა 13–15 მაისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, პარაძიუდოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა.
აკაკი ჯინჭარაძემ 10–13 მაისს თბილისში გამართულ პარაძალოსნობის მსოფლიო თასზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 240 კილოგრამი ასწია და ჩემპიონობა იზეიმა.