აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებთან გიორგი ჯინჭარაძემ სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები, იდეები და ხედვები მოისმინა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მონაწილეობდნენ.
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა, იდეების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა იყო.