გიორგი ჯინჭარაძემ სტუდენტებს ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ გალერეაში, ალექსანდრე შარვაშიძის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლა.
 
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მშვიდობის ცენტრის“ სტუდენტები საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ შარვაშიძეების საგვარეულოს სამი გამორჩეული წარმომადგენლის ცხოვრებას, შემოქმედებასა და უნიკალურ მემკვიდრეობას გაეცნენ.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც ალექსანდრე შარვაშიძის მოღვაწეობაზე, მისი მემკვიდრეობასა და ქართულ-აფხაზური შერიგების პროცესში კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წიგნის - „ალექსანდრე შარვაშიძე“ პრეზენტაცია.
 
გამოფენას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
 
გამოფენა „ალექსანდრე შარვაშიძე - რეტროსპექტივა“ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის პროექტის „კულტურა გვაერთიანებს“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი ახალგაზრდებში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო.