ბექა ღვაჩლიანი პროექტ "შემოქმედებითი ზაფხულის" ფარგლებში კალიგრაფიის მასტერკლასს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი კალიგრაფიის მასტერკლასს დაესწრო, რომელიც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტ "შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა.

"ქართული კალიგრაფია ჩვენი ეროვნული იდენტობის, კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებაა. ეს პროექტი აერთიანებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა და შემოქმედებითი განვითარება ელით. თქვენი ხელით შექმნილი თითოეული ასო ჩვენი ქვეყნის კულტურის შენარჩუნებას ემსახურება. ყველას გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ბექა ღვაჩლიანმა.

მასტერკლასებს პროფესიონალი კალიგრაფი ლეილა ბაღბაია ხელმძღვანელობს. აფხაზეთიდან დევნილ 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ქართული კალიგრაფიის ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკას, ქართველ ხელნაწერთა ტრადიციებსა და კალიგრაფიულ ხელსაწყოებთან მუშაობის ძირითად პრინციპებს.

შეხვედრას ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია, მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ გურჩიანი და კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მასტერკლასზე შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.