დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

პოლონური ორგანიზაცია „ევროპული განათლების პოლონური ფორუმის", ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ასოციაცია დრონის" ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოზარდები პოლონეთში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც ქართველებთან ერთად რამდენიმე ქვეყნის 14-დან 19-წლამდე მოზარდები ჩაერთვებიან.

პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები მოზარდებისთვის ტრენინგ-კურს ჩაატარებენ. დაგეგმილია კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები და ასევე ვორქ-შოფები. პოლონელი, უელსელი, ქართველი, ესპანელი და იტალიელი ხელოვანები მონაწილეებთან ერთად შექმნიან ინსტალაციებსა და ვიდეო მასალებს, გამოიყენებენ თანამედროვე მეთოდებს ნამუშევრების შესაქმნელად. პროექტის დასასრულს კი ნამუშევრების გამოფენა გალერეა „ქრინიკაში" მოეწყობა. ეს გამოცდილება მოზარდებს მისცემს საფუძველს, შემდგომში თავად შექმნან საკუთარი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები.

პროექტის მთავარი მიზანია შეცვალოს ახალგაზრდების აზროვნება გარემომცველ რეალობასთან მიმართებაში, ხელი შეუწყოს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მათი ინიციატივების რეალიზებას და სამომავლო, მეგობრული ურთიერობის ჩამოყალიბებას.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამჟამად თბილისის ზღვისა და შაუმიანის კომპაქტურ ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოზარდები შეირჩნენ.

პროექტის დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ „Youth In Action" პროგრამის ფარგლებში და მისი ორგანიზატორები ასევე არიან ევროპული განათლების პოლონური ფორუმის და უელსის ორგანიზაცია „Valley Kids" -ი.