გიორგი ჯინჭარაძე 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატების მიღებას დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტიპენდიატებს მიღწეული წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

სტიპენდიატთა მიღებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, პარტნიორი ქვეყნების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.

2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა 249 ახალგაზრდას დაუფინანსა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.

დაფინანსება გაიცა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum და სხვა.