გიორგი ჯინჭარაძემ მთავრობის წევრებთან ერთად გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

საფლავზე, ასევე გენერალ-მაიორ გენო ადამიას ოჯახის წევრები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით.