აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე რუსთავში იმყოფებოდა, სადაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, დევნილი მოზარდებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
„დევნილი ბავშვებისთვის, საქართველოს მასშტაბით, ათ ლოკაციაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ჩვენ შევეცადეთ დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით და გართობით წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
პროექტი მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიურ თამაშებს მოიცავს, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, პროექტი „ჯადოსნური დღეები“ აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ხონის, რუსთავის, ფოთის, სენაკისა და ქუთაისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარეობს.
