აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.
ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.
მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მძიმე მდგომარეობაზე. მან ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქართული ისტორიული ძეგლები დგას, მათ შორის ძეგლების თვითნებური რეკონსტრუქციებისა და ავთენტურობის დაკარგვის რისკებზე.
მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული წრეების ჩართულობის აუცილებლობაზე.
კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის მოღვაწეები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.
