გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ.

ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოხსენებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.