გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ელჩს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევები გააცნო. 

გიორგი ჯინჭარაძემ ბულგარელ დიპლომატს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააცნო და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას.

შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვესელინ ვალკანოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ბულგარეთი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ იჩენს.