თენგიზ ნასარიძე და მიხეილ ანჩაბაძე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის მარიამ კარბაიას პროდუქციის გამოფენას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის, მარიამ კარბაიას პროდუქციის გამოფენას დაესწრო.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ქართული კულტურული მოტივების შერწყმით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით დამზადდა. პროგრამის ფარგლებში მეწარმემ შეიძინა 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა სახლის დეკორისა და აქსესუარების უნიკალური ხაზი, ასევე ჭრისა და გრავირების სპეციალური დანადგარი.
 
სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდა „სამაიას“, „სოხუმისა“ და სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობების შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც გამოფენის დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
 
მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია როგორც დევნილი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. მისივე თქმით, საგრანტო პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური და შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას დევნილი მეწარმეებისთვის.