მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი კოლექტივების ,,აფხაზეთისა" და ,,შავნაბადას" კონცერტს უმასპინძლა.

 ანსამბლები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამით წარდგნენ - ქართული ტრადიციული ხალხური კომპოზიციები შეასრულა აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა ,,შავნაბადამ"; კონცეპტუალური ფოლკლორული პროგრამა “ქორეონიკონი" წარადგინა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა", პროგრამაში სხვადასხვა კუთხის, სტილისა და ჟანრის ქორეოგრაფიული ნომრებია თავმოყრილი.

 კონცერტს წინ უძღვოდა ფოტო-გამოფენა ,,კადრები აფხაზეთიდან", რომელიც სოხუმის პეიზაჟებსა და ისტორიულ, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.

 საღამოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა და კიდევ ერთხელ გააცნო ფართო აუდიტორიას აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობა, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.