აფხაზეთიდან დევნილი და გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გალის რაიონის სკოლებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებმა საზაფხულო არდადეგები ესპანეთის სამეფოში გაატარეს.

მოზარდებს ესპანურ მოხალისე ოჯახებში დასვენებასთან ერთად 2 თვის განმავლობაში ესპანელი ხალხის კულტურის გაზიარების, ესპანური ენის შესწავლის, ტოლერანტული, მშვიდობიანი და ჯანსაღი წესით ცხოვრების შესაძლებლობები მიეცათ.

დევნილი მოზარდები 29 აგვისტოს დაბრუნდნენ საქართველოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები დახვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL"-ი 2008 წლიდან თანამშრომლობს. ხელშეკრულების თანახმად, აფხაზეთში მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ყოველწლიურად ესპანეთში ატარებენ.