გიორგი ძაძამია მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით გამართულ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღებას დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, მიმართეს.

მიწვეულ მასწავლებლებს შორის იყო აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი რუსუდან ლომთაძე, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. წლევანდელ ლაურეატრებს საჩუქრად ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოშვებული სამახსოვრო მედალიონები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ზოგადი განათლების რეფორმა – ცვლილებები, გამოწვევები და მოლოდინები“. მომხსენებლებმა ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს.

მიღებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მასწავლებლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.