ვახტანგ ყოლბაია სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლის“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის - „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლის" დასკვნით ღონისძიებას  დაესწრო.

პროექტის - „აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის სკოლა" ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 35 მოზარდმა გაიარა ტრენინგები ისეთ თემებზე როგორიც არის: გენდერი და საზოგადოება, გუნდური მუშაობა, პროექტის შედგენა და მართვა, ფონდების მოძიება, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, კონფლიქტების მართვა და პრევენცია, ლიდერობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ  მოზარდებს კურსის წარმატებით დასრულებისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ზურაბ გასიტაშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალეკო აპლაკოვი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები დაესწრნენ.

ტრენინგები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ მოზარდებში სამშვიდობო ხედვების, საზოგადოებრივი ინტეგრაციის, ლიდერული თვისებებისა და დემორკატიული ღირებულებების დამკვიდრება-განვითარებას.