ვახტანგ ყოლბაია აეროპორტის სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისში აეროპორტის სასტუმროს კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვედა.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მურად აბლოთია და სამინისიტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ კვირტია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობები გააცნეს. როგორც მაცხოვრებლებმა განაცხადეს არსებულ ობიექტზე მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, ხოლო შენობა ავარიულია, რის გამოც დევნილებმა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ შენობის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. დევნილებმა ასევე დააყენეს მოთხოვნა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მურად აბლოთიამ დევნილებს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.